среда, 13 сентября 2017 г.

თავისუფალი გავვეთილები №128 საჯარო სკოლაში



სსიპ - ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლაში პროექტ თავისუფალი გაკვეთილების (ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულება)  ფარგლებში,, ლიდერთა კლუბში“ ჩატარებული  გაკვეთილები

2017 წლის 22 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით სსიპ - ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლაში ჩატარდა 20 თავისუფალი გაკვეთილი მეშვიდეკლასელთათვის.
მასწავლებელი - ნატალია ქოჩლაძე.
გაკვეთილების თემატიკა  სრულად პასუხობს წინასწარ შედგენილ და სამინისტროს მიერ
დამტკიცებულ მიზნებს და ამოცანებს: კურსის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან გუნდის შექმნისა და მართვის ზოგად პრინციპებს, მათ შორის ჯგუფური მუშაობის სეგმენტური მეთოდის გამოყენებით განიხილავენ რამდენიმე თემას: გაეროს პროგრამიდან - „ხარისხიანი განათლება“, „ინოვაცია და ინფრასტრუქტურა" და სხვა; ჩვენ მიერ პროექტის ფარგლებში დამუშავებული საკითხები ხელს უწყობს მოზარდებში გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი თავისებურებების უმტკივნეულოდ დაძლევას, რადგან მათ მიეცათ შანსი სრულყოფილად გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები, განევითარებინათ ეფექტური საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციის უნარები


მხატვრული კითხვა 

სიმულაციური თამაშების საშუალებით მონაწილეობა მიეღოთ გადაწყვეტილების პროცესში,  შეიცნეს, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლიდერის ფსიქოლოგიური მზაობა, მისი პიროვნული თვისებები; პროექტის მონაწილეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია, შეისწველს ინტერვიუს აღებისა და რესპონდენტებთან მუშაობის სპეციფიკა, აგრეთვე რეალობასთან მიახლოვებულ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება.
ლიდერთა კლუბში განიხილება ინოვაციური პროექტები

გაკვეთილებზე იყო გამოყენებული სწავლების მრავალფეროვანი ფორმები და მეთოდები: ინტერაქტიური, ინტეგრირებული, პრაქტიკული, ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური, თამაში და  კეთებითი სწავლება, თანამშრომლობით სწავლება (დისკუსია, ოპონირება, კითხვა-პასუხი, როლუი თამაში).

მუშაობა ჯგუფებში

პროექტისათვის გამოყოფილი მატერიალური რესურსების გამოყენებით (საკანცელარიო საგნები - 232.25 ლარის ოდენობით) მოსწავლეებმა გააკეთეს საკუთარი ნაშრომების გუნდური და ინდივიდუალური პრეზენტაცია, გამოუშვეს კედლის გაზეთები, შექმნეს პლაკატები, გააფორმეს  სლოგანები,  გუნდის სავიზიტო და მოსაწვევი ბარათები და სხვა.


ყველაზე ძლიერები


ლიდეეთა კლუბში სპორტის დღეა


ყველა გაკვეთილის დროს მიმდინარეობდა ფოტო-ვიდეო გადაღება  და ეს ვრცელი მასალა განთავსებულია  პორტალზე skola.edu.ge, ვიდეო ატვირთულია https://www.youtube.com/  სსიპ - ქალაქ თბილისის N128 სკოლის სახელით https://youtube.com/channel/UC0d0MSRfonPGKFbbuVUM5OA?feature=hovercard.
„თავისუფალი გაკვეთილები“ ჩატარების პროცესი  ფართოდ არის გაშუქებული გულნაზი ხორბალაძის  ბლოგზე  ,,სკოლის და საზოგადოების პარტნიორობა უკეთესი განათლებისთვის “ .მისამართი:
  https://gulikokhorbaladze.blogspot.com  და  ნატალია ქოჩლაძის საგანმანათლებლო ბლოგზე https://nataliakochladze.blogspot.com; მაგალითად, 25.05.2017 წ. - https://nataliakochladze.blogspot.com/search?q=თავისუფალი+გაკვეთილები 30.05.2017 წ. https://nataliakochladze.blogspot.com/search?q=цветок და სხვა სოციალურ ქსელში, მაგალითად, 02.06.2017 წ.https://www.facebook.com/natalia.kochladze/posts/822714631228745



        2017 წლის 15 ივნისს ჩატარდა „ლიდერთა კლუბის“ მუშაობის დასკვნითი მეოცე გაკვეთილი.

არასამთავრობო საქველმოქმედო ფონდი „წყაროს“ პრეზიდენტი ქ-ნი ლიკა ზახაროვა

 შემაჯამებელ ღონისძიებას ესტუმრნენ სკოლის  ადმინისტრაციის წევრები, არასამთავრობო საქველმოქმედო ფონდი „წყაროს“ პრეზიდენტი, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და პროექტ „თავისუფალი გაკვეთილების - „ლიდერთა კლუბის“ წევრების მშობლები. ღონისძიებაზე  სამივე ჯგუფის  ლიდერმა ისაუბრა  გაწეული მუშაობის  შესახებ, აჩვენეს თავისი გუნდის საქმიანობაზე შექმნილ სლაიდ-შოუ, წარმოადგინეს საგანგებოდ მომზადებული მხარვტული კითხვის და მუსიკალური ნომერები. მასწავლებელმა და დირექტორმა შეაჯამეს პროექტ „თავისუფალი გაკვეთილების“ მუშაობა და დააჯილდოვეს 16 ყველაზე აქტიური ლიდერი. დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის ირგვლივ თავიანთი პოზიტიური შთაბეჭდილებები დააფიქსირეს მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა; გამოთქვეს იმედი, რომ პროექტი „თავისუფალი გაკვეთილები“  გაგრძელდება მომავალ 2017-2018 წელს.

 
დაჯილდოება

დასკვნითი სიტყვა

ლიდერთა კლუბში ანონიმურად ჩატარებული რეფლექსიიდან ჩანს თუ რა მოუტანა თავისუფალმა გაკვეთილებმა თითოეულ მოსწავლეს. შეკითხვაზე - რამდენად დაინტერესდნენ თავისუფალი გაკვეთილებით და რა იყო მათთვის სიახლე, მივიღეთ შემდეგი პასუხები:
გავიგე თუ რა არის გუნდური მუშაობა და მადლობა თქვენ ასეთი კლუბის დაარსებისათვის“, „მე ყველაზე მეტად მომეწონა ფსიქოლოგიური ტესტი, რადგან ასე ჩვენ გავიგეთ ჩვენი  ნამდვილი ხასიათი“, „ძალიან მომეწონა პროექტი, რადგან ვისწავლე, თუ როგორ უნდა გავხდე ლიდერი“, „მოხარული ვარ, რომ ეს კლუბი გაიხსნა, რადგან ვფიქრობ, რომ „თავისუფალი გაკვეთილები“ ადამიანს ეხმარება განვითარებაში“, „ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე“, „ერთიანი ძალებით გადავლახეთ სირთულეები“, „ვისწავლე სხვისი აზრის გათვალისწინება; მომეწონა როლური თამაში, მაგალითად სკოლის დირექტორისა და განათლების მინისტრის როლი; თავისუფალმა გაკვეთილებმა“ მოგვცეს ძალიან ბევრი ცოდნა, მაგ.: თუ რა არის პრობლემა, როგორ გადავჭრათ პრობლემები და როგორ შევუთანხმდეთ ერთმანეთს“, „გუნდური მუშაობა ყველა ბავშვს დაეხმარა, რომ იყოს უფრო გახსნილი და თავისუფალი, რადგან ბავშვებმა შეძლონ თავისი აზრის გამოხატვა“, „ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი კლუბით და მოხარული ვიქნები, რომ გაარძელოს კლუბმა მუშაობა“.

         ამრიგად, პოექტ „ლიდერთა კლუბის“ ფარგლებში ჩვენ მიერ გამოყენებული მუშაობის ფორმები და მეთოდები მიმართული იყო მოსწავლეთა თვითგამოხატვის, საკუთარი ძალების მოსინჯვისა და რეალიზაციისაკენ. ასეთი მიდგომის შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს ჯგუფის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და გამოყენება, გაშლილი და არგუმენტირებული მსჯელობა, თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან საერთო მიღწევებისათვის. ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში ჩვენი მე-7 კლასელები ჩამოყალივდებიან აქტიურ, დამოუკიდებლად მოაზროვნე, ჰუმანურ და გათვითცნობიერებულ მოქალაქეებად.










 




                                წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოებ
2017 წლის ბოლო ზარი


,,ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო გამოცემით დაჯილდოება

კვლევის ფარგლებში  გამოყენებული
მშობლის ანკეტა
სქესი  –––––––––––––
სწავლების საფეხური  –––––––––––––
1.       როგორ შეაფასებდით 2015–2016 სასწავლო წელს ჩვენი სკოლის საქმიანობას?
ა) დადებითად                      ბ) უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად
გ) უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად        დ) უარყოფითად

2.       რა სიხშირით გიწევთ სკოლაში მოსვლა?
            ა) თვეში ერთხელ                   ბ) სემესტრში ერთხელ
გ) სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ
3.       დაასახელეთ 3 პრობლემური საკითხი, რის შეცვლასაც ისურვებდით სკოლაში?
ა)
ბ)
გ)
4.       ეთანხმებით თუ არა იმ დებულებას, რომ სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა რადიკალურად გაზრდის მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას?

ა) სრულად ვეთანხმები                    ბ) ნაწილობრივ ვეთანხმები
გ) არ ვეთანხმები                               დ) მიჭირს პასუხის გაცემა

5.       შემოხაზეთ ის საკითხები, რომელთა შესახებ გსურთ მეტი ინფორმაცია გქონდეთ:
ა) მოსწავლეთა ცოდნის შეფასების წესებზე
ბ) სასკოლო გამოცდების შედეგებზე
გ) მოსწავლეთა დასჯისა და წახალისების მექანიზმებზე
დ) რა ტიპის სიახლეებს ნერგავს სკოლა
ე) მოსწავლეთა უსაფრთხოების წესებზე
6.       შემოხაზეთ ის 3 აქტივობა, რომლებშიც ხალისით მიიღებდით მონაწილეობას:
ა) მწერლებთან და გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრის ორგანიზებაში
ბ) სპორტული აქტივობების ორგანიზებაში
გ) დავეხმარებოდი სკოლას წარმატებული მოსწავლეების სტიმულირებისათვის თანხების მოზიდვაში
დ) კლასებში მინი–ბიბლიოთეკების შექმნაში
ე) სხვადასხვა შემოქმედებითი კონკურსების ჩატარებაში
ვ) გამოფენების მოწყობაში



მშობლებთან შეხვედრა
გმადლობთ თანამშრომლობისათვის
წამყვან პედაგოგ გულნაზ ხორბალაძის გამოქვეყნებული სტატიების ლინკები


  (ლინკი სტატიისათვის  - ,,პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება აღზრდის სამსახურში“)

  (ლინკი სტატიისათვის - ,,რატომ მომწონს დაწყებითი განათლების პროექტი“)

(ლინკი სტატიაზე -,, გაკვეთილი ბულინგის თემაზე“)


პედაგოგიური პრაქტიკის  კვლევა


მშობლებისა და სკოლის
ურთიერთთანამშრომლობა მაღალი მიღწევებისათვის


ავტორი:            სსიპ ქალაქ თბილისის 128 საჯარო სკოლის
                            ქართული ენისა და ლიტერატურის
                            მასწავლებელი გულნაზ ხორბალაძე



                                      2016 წლის მაისი

                                              თბილისი




სარჩევი
კვლევის მიზანი                                                                                                            -1
საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება                                                                  -1
პრობლემის ანალიზი                                                                                                 - 5
გამოყენებული მეთოდები                                                                                        - 7
სამიზნე ჯგუფი                                                                                                           -7
კვლევის დაგეგმვა                                                                                                      -7   
კვლევის მიგნებები, შედეგები                                                                                  -9
ინტერვენცია                                                                                                                -10
განხორციელებული ცვლილებები                                                                        -11     
რეკომენდაციები                                                                                                        -13
ჩატარებული სამუშაოს მონიტორინგი                                                                  -14
დასკვნა                                                                                                                           -14
გამოყენებული ლიტერატურა                                                                                  -15












კვლევის მიზანი:         
სსიპ ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლაში ჩატარებული კვლევის მიზანია აღწეროს სკოლასა და ოჯახს შორის ურთიერთდამოკიდებულება; ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. გამოვლინდეს  პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის სკოლასა და ოჯახს შორის ორმხრივ კომუნიკაციას და მშობელთა აქტიურ ჩართულობას სკოლის საგანმანათლებლო პროცესში.
საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება:
რეფორმის გადამწყვეტ ეტაპზე სახელმწიფომ მთავარ პრიორიტეტად აღიარა სკოლებში საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესება მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვით.
   ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლას მთავარ მოვალეობად უსახავს სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ფიქრისა და აზროვნების უნარ-ჩევევები, განავითაროს მათი ინიციატივები, აღძრას მათში ცნობისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა. სკოლა ოჯახის გარეშე უძლურია, ჩამოაყალიბოს პიროვნება, გადასცეს მას საფუძვლიანი ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები. ამიტომ სკოლასა და საზოგადოებას შორის უნდა დამყარდეს აქტიური პარტნიორული ურთიერთობა, რითაც სკოლა შეძლებს, გააუმჯობესოს განათლების ხარისხი[1] (ეროვნული სასწავლო გეგმა).
სკოლებში მშობლებთან  ურთიერთობის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აღზრდის ამ ორ მთავარ სუბიექტს შორის გადაულახავი ბარიერია. ხშირად მათი ურთიერთობა  შეიცავს დაძაბულობისა და დაპირისპირებულობის მუხტს. მეტად დამახასიათებელია გაღმა–გამოღმა შედავების სინდრომიც. არის შემთხვევები, როცა ნიშანზე ორიენტირებული მშობლები უნდობლობას გამოხატავენ სკოლის, პედაგოგების მიმართ, აკრიტიკებენ მათ შვილების თანდასწრებით. განსაკუთრებით მწვავეა მშობლების რეაქცია მოზარდთა მიერ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომებზე, არ იზიარებენ სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების პოზიციას და მაქსიმალურად იცავენ თავიანთ შვილებს, მათი მხრიდან გაისმის ფრაზები: ,,ჩემი შვილი ამას არ ჩაიდენდა“, ,,დაარტყა იმიტომ, რომ გააღიზიანეს, აბა, რა უნდა ექნა“, ,,რა მოხდა, ეზოში ნაპოვნი დანა თუ შემოიტანა, ხომ არავინ დაზარალებულა“ და სხვა. ასეთი დამოკიდებულება ნეგატიურად ვლინდება მოსწავლის თვითშეფასებაზე, მას ეუფლება დაბნეულობისა და გაურკვევლობის განცდა[2](გულნაზ ხორბალაძე).
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მოსწავლეები, რომელთა მშობლები მჭიდროდ არ თანამშრომლობენ პედაგოგებთან და გულგრილნი არიან შვილის სწავლისადმი, გამოირჩევიან საშუალო ან საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრებით და ანტისოციალური ქცევებით. მოსწავლეები კი, რომელთა შვილები ჩართულნი არიან სწავლების პროცესში, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური შეფასებებით, გამოცდების კარგი შედეგებით, გაკვეთილებზე დასწრების მაღალი მაჩვენებლით და სასწავლო აქტივობებში აქტიური მონაწილეობით.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ თანამედროვეობის თანმდევი მანკიერებანი: ძალადობა, სისასტიკე, უხეშობა, სხვისი ღირსების შელახვა ნეგატიურად ზემოქმედებს მოზარდებზე, უუხეშებს სულს და კონფლიქტურსა და ძნელადდასამორჩილებელს ხდის მას. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ დღეს სკოლა არ არის ორიენტირებული პიროვნების ფორმირებაზე, სრულად ვერ უზრუნველყოფს მის მოტივაციურ მოთხოვნილებით განვითარებას. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სკოლის პედაგოგები სამართლიან გულისტკივილს გამოთქვამენ იმ მშობელთა მიმართ, რომელთაგანაც არა აქვთ საკმარისი მხარდაჭერა[3]  (მ. დოღონაძე) .
 სამწუხაროდ, ვერც სკოლა ასრულებს ზედმიწევნით თავის მოვალეობას, მისი კომუნიკაცია მშობლებთან  მოსწავლის სწავლა– ქცევის ამსახველი ინფორმაციის მიწოდებითა და მშობელთა კრებებით შემოიფარგლება. ნაკლებად ინერგება ორმხრივი კომუნიკაციისათვის უფრო ეფექტური ფორმები, რითაც გამთლიანდებოდა სკოლას და ოჯახს შორის არსებული ხიდჩატეხილობა.
ამრიგად, პრაქტიკის ანალიზი მიუთითებს, დღეს სკოლა და ოჯახი ცალ-ცალკე ეწევა ჭაპანს, მათ შეთანხმებულ მუშაობაზე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე შეიძლება საუბარი, რაც შეეხება საბაზო და საშუალო საფეხურებს,  ვერ ხერხდება მათი შესაძლებლობებისა და შეხედულებების დაახლოვება, რაც ნეგატიურად აისახება სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობაზე:
1.      მშობლის ფაქტორი უარყოფითად აისახება მოსწავლეთა გაცდენა-დაგვიანებებზე, სწავლისადმი მათ პასუხიმგებლობაზე, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების წარმოჩენაზე.
2.      გასაკუთრებით საყურადღებონი არიან კონფლიქტურ  და სტრესულ ოჯახურ გარემოში აღზრდილი მოსწავლეები, მათი სოციალური- ემოციური საჭიროებები ნეგატიურად აისახება მათ შედეგებზე.
3.      მოსწავლეთა ერთი ნაწილი გამოირჩევა ცუდი ქცევით, კონფლიქტებით, სკოლისადმი უარყოფითი განწყობით.
4.      ჩრდილი ადგება სკოლის იმიჯს, მცირდება საზოგადოების, თემის მხარდაჭერა სკოლის მიმართ, კნინდება მასწავლებლის ავტორიტეტი.
 როგორ შიძლება შეიცვალოს სურათი, თუ კი მიიღწევა მშობლებისა და სკოლის პარტნიორული ურთიერთობა? მშობელთა აქტიურ ჩართულობას, ჩვენი მოლოდინით, სკოლის ცხოვრებაში მოჰყვება შემდეგი პოზიტიური ცვლილებები:
მოსწავლეები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში, გაუმჯობესდება მათი მიღწევები, მიუხედავად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ მშობელთა განათლების დონისა; არა მარტო გაუმჯობესდება ცუდი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლის დონე, არამედ მისი მოსწრება საშუალო მოსწრების მქონე მოსწავლის დონეს გაუტოლდება;
მშობელთა ჩართულობა გაზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შორის;
გაუმჯობედება მოსწავლეთა დისციპლინა და პასუხისმგებლობა, მათი აღზრდილობის ხარისხი;
შეიცვლება მშობელთა მხარდაჭერა სკოლისადმი, რაც სასიკეთოდ იმოქმედებს სკოლის ავტორიტეტზე.
ჩვენი ვარაუდით, მშობელთა ჩართულობა  მშობლებისთვისაც  შედეგიანი იქნება:
მშობლები უფრო მეტად გააცნობიერებენ სკოლის პრობლემებს, უფრო ღრმად ჩაიხედავენ საკუთარი შვილების აკადემიურ მიღწევებში, ობიექტურად განსჯიან მათ დადებით-უარყოფით მხარეებს;
მშობელი უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდება  შვილის სოციალურ-ემოციურ-ინტელექტუალურ საჭიროებებს;
მშობელს გაუჩნდება პოზიტიური განწყობა სკოლის მიმართ და გაუჩნდება მისი გვერდით დგომის სურვილი.
პრობლემის ანალიზი
პედაგოგიური ლიტერატურის გაანალიზებისას ვცდილობდი, მომეძებნა პასუხი კითხვებზე: რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას სკოლა? რა ტიპის ცვლილებებია პიროვნების განვითარების კუთხით? როგორია სკოლისა და ოჯახის ახალი როლი ამ გამოწვევათა რეალიზებაში? სპეციალიტთა მოსაზრებების თანახმად , ტრადიციული სკოლისაგან განსხვავებით, სწავლა-სწავლების პროცესი აღარ არის რუტინული, არამედ ორიენტირებულია მოსწავლეზე, რომელიც სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა; მასწავლებელი არ არის დირექტიულ როლში ( ტრადიციული სკოლისათვის მასწავლებელი იყო ინფორმაციის წყარო და ცდილობდა, თავში ჩაედო მოსწავლეებისათვის ინფორმაცია და აძლევდა მათ სავალდებულო მითითებებს), არამედ ის ფასილიტატორია, გზამკვლევია, მოსწავლის გააზრებული სწავლისა და თვითგანვითარებისათვის სტიმულის მიმცემია. ჰუმანისტური თეორიის წარმომადგენლები (აბრაამ მასლოუ და კარლ როჯერსი) ყურადღებას ამახვილებენ  თანამშრომლობით სწავლებაზე, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო  მეთოდზე. ასეთი მიდგომისას მცირდება მოსწავლის მასწავლებელზე დამოკიდებულების დონე, მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავი დააღწიონ იზოლაციას, გარიყულობას, მოსინჯონ საკუთარი ძალები და შეაფასონ სხვების შესაძლებლობები, განივითარონ კომუნიკაციური უნარები, რაც სწავლასა და თანაკლასელებთან ურთიერთობაში მათი წარმატების საფუძველი გახდება[4] (თეა ჯაღიაშვილი).
თანამედროვე პედაგოგიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა აქტიური პოზიციისა და მაღალი ზნეობის მქონე პიროვნების ჩამოყალიბება. სამეცნიერო ლიტერატურაში პიროვნების 50–ზე მეტ განსაზღვრებას განიხილავენ. მათი ავტორები ვერ თანხმდებიან პიროვნების ცნების ამომწურავ განმარტებაზე, თუმცა გამოყოფენ პიროვნების შემდეგ ძირითად ასპექტებს: უნიკალურობასა და გამორჩეულობას,  მაორგანიზებელ აქტივობასა და აქტივობის გარკვეულ ფიქსირებულ განწყობებს, პიროვნების განვითარების გარკვეული პერსპექტივასა და მიზნებს, მის გამორჩეულ სწრაფვას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ[5](შოთა ნადირაშვილი).
მკვლევრები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პიროვნულ ნიშნებს სამ ჯგუფად ყოფენ: 1. თვითმომსახურებისათვის საჭირო თვისებები, რათა სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდამ შეძლოს თავის დამკვიდრება– სამუშაოს მოძებნა ან სწავლის გაგრძელება, საჭიროების შემთხვევაში დაიქირაოს და მოაწყოს საცხოვრებელი გარემო; 2. თვისებები, რომლებიც საჭიროა ცხოვრებაში საკუთარი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ორიენტაციების გამომუშავებისთვის. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებს გამომუშავებული უნდა ჰქონდეთ მსოფლმხედველობა, სოციალური განწყობების სისტემა: დამოკიდებულება სინამდვილესთან, რელიგიასთან და თავისი თავის მიმართ. მათ იმდენი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ სამართლის ნორმებზე, რომ არ არღვევდნენ კანონებს მათი უცოდინრობის გამო. ამასთან, უნდა ჰქონდეთ ელემენტარული წარმოდგენა  ეკონომიკის საკითხებზე, რომ გარკვეული ინდივიდუალური მეწარმეობის დაწყების შემთხვევაში მოიპოვონ მატერიალური მოგება; 3. პიროვნების ნიშნების მესამე ჯგუფს ეკუთვნის ისეთი თვისებები,  რომლებიც საფუძვლად ედება პიროვნების მორალურ ორიენტაციებს.  პიროვნების ამ ასპექტის ჩამოყალიბება კარგად გამოხატავს მისი მომწიფების მაღალ დონეს. მორალური განწყობის საფუძველზე პიროვნება ახერხებს ისეთი აქტივობის განხორციელებას, რომელიც ემსახურება ღირებულებების შექმნას საზოგადოების მოთხოვნილებების გათვალისწინებით[6] (შოთა ნადირაშვილი .
პედაგოგიკის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული გამოწვევები სკოლისაგან მოითხოვენ გარკვეული ცვლილებების გატარებას, ინტერაქტიური მიდგომები დანერგვას, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილებისა და პროექტ-გაკვეთილების ჩატარებას, თანამშრომლობითი სწავლების ფორმების შემოღებას, აგრეთვე სააღმზრდელო ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ თანამედროვე სკოლების პრაქტიკაში არ ხდება მოსწავლეთა შეიარაღება ცოდნით ზნეობის, საკუთარი თავისა და ქცევის მართვის ხერხების შესახებ. ამის გამო ახალგაზრდობას არა აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა ზნეობრივ ნორმებსა და კატეგორიებზე, უჭირს ღირებულისა და არაღირებულის, ჭეშმარიტისა და სიყალბის ერთმანეთისაგან გარჩევა. სკოლას მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდის დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მშობლების თანადგომის გარეშე უჭირს აღმზრდელობითი მიზნების რეალიზება[7] (მ. დოღონაძე).
იმისათვის, რომ  შეიცვალოს მშობელთა ნეგატიური დამოკიდებულება სკოლის მიმართ, საჭიროა სკოლამ მშობელს კარგად გააცნობიერებინოს განათლების სისტემაში არსებულ ცვლილებები და გამოწვევები, ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპები და ფასეულობები, აგრეთვე სასკოლო სასწავლო გეგმითა და სკოლის სტრატეგიული განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები. მშობელს სრულფასოვანი წარმოდგენა უნდა შეექმნას როგორც სწავლების, ისე აღმზრდელობითი მუშაობის შინაარსზე, სწავლების თანამედროვე მიდგომებზე, შეფასების წესებზე, რუბრიკებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე. მშობელთა გათვითცნობიერება, მათთვის კონსულტაციების ჩატარება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ტრადიციული სკოლების კურსდამთავრებულები არიან და მათი შეხედულებები, უმეტესწილად, ძველი სკოლის შთაბეჭდილებებს ეფუძნება.
მეცნიერთა აზრით, სკოლისა და მშობლის ძალიხმევის გაერთიანება აუცილებელია შედეგზე გასასვლელად, რათა სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდამ შეძლოს გააკეთოს ყველაფერი, რაც ცხოვრებაში დამოუკიდებელ პიროვნებად შესვლის საშუალებას მისცემს. ეს შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში დომინირებულ მდგომარეობას დაიკავებს  სააღმზრდელო მუშაობა,თუ შედგება მშობლებისა და სკოლის მჭიდრო თანამშრომლობა დამოუკიდებელი პიროვნების აღსაზრდელად[8] (,,სკოლაში სააღმზრდელო მუშაობის აქტუალური პრობლემები“).
სამიზნე ჯგუფი
სამიზნე ჯგუფში შედიოდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მშობლები და პედაგოგები.
გამოყენებული მეთოდები
თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდი, ანკეტირება, ფოკუს ჯგუფი.
კვლევის დაგეგმვა
კვლევა ჩატარდა 3 ეტაპად: პირველ ეტაპზე კითხვარის მეშვეობით (იხილეთ დანართი N1) ჩატარდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა; შედგა შეხვედრა ფოკუს ჯგუფთან, რომელშიც ერთიანდებოდა - სხვადასხვა საფეხურის 4-4 მშობელი, ამდენივე პედაგოგი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით; მეორე ეტაპი მონაცემთა ანალიზს დაეთმო:  მესამე ეტაპი მოიცავდა დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას კვლევის შედეგებზე  დაყრდნობით.
კვლევის შედეგები რაოდენობრივ დონეზე: (იხილეთ დანართი N2)
კვლევაში მონაწილეობდა --100- მშობელი, ამასთან  -91- ქალი და --9- კაცი.
 ანკეტური გამოკითხვის შედეგად მიღებული პასუხები მეტყველებს შემდეგ სტატისტიკაზე
I შეკითხვას - როგორ შეაფასებდით 2015-2016 სასწავლო წელს სკოლის საქმიანობას - დადებითი პასუხი გასცა 52 მშობელმა,
  უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად შეაფასა - 36 მშობელმა, უფრო უარყოფითად ვიდრე დადებითად - 2 მშობელმა, უარყოფითად არცერთმა.
II შეკითხვას - რა სიხშირით გიწევთ სკოლაში მოსვლა?
თვეში ერთხელ უპასუხა - 50 მშობელმა
სემესტრში ერთხელ - 36 მშობელმა
სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ - 1 მშობელმა
I,II ეთანხმებით თუ არა იმ დებულებას, რომ სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა რადიკალურად გაზრდის მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას?
სრულად ვეთანხმები - 52 მშობელმა
ნაწილობრივ ვეთანხმები - 32 მშობელმა
არ ვეთანხმები - 5 მშობელმა
მიჭირს პასუხის გაცემა - 1 მშობელმა
IV კითხვა - შემოხაზეთ ის საკითხები, რომელთა შესახებ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება
ა) მოსწავლეთა ცოდნის შეფასების წესზე - 41
ბ) სასკოლო გამოცდების შედეგებზე - 19
გ) მოსწავლეთა დასჯა-წახალისებაზე - 19
ე) უსაფრთხოებაზე - 46
კითხვა VI - შემოხაზეთ ის 3 აქტივობა, რომელშიც ხალისით მიიღებდით მონაწილეობას:
მწერლებთან და გამოჩენილ ადამიანებთან -48
სპორტული აქტივობების ორგანიზაციაში - 31
დავეხმარებოდი სკოლას თანხების მოზიდვაში - 16
მინი-ბიბლიოთეკის შექმნაში - 50
სხვადასხვა შემოქმედებითი კონკურსების ჩატარებაში - 47
გამოფენების მოწყობაში - 28
( კვლევის ამსახველ რაოდენობრივი მონაცემები ანალიზი იხ.თანდართულ ფაილში)
ფოკუსჯგუფი
ფოკუსჯგუფი ჩატარდა სამივე საფეხურის  პედაგოგებთან. მისი მიზანი იყო გაგვერკვია , თუ რა სახის პრობლემებს აწყდებოდნენ პედაგოგები მშობლებთან ურთიერთობაში და აისახებოდა თუ არა  ეს სირთულეები მოსწავლეთა სწავლა–აღზრდაზე. პედაგოგებმა ხაზი გაუსვეს მშობელთა უყურადღებობასა  და გულგრილობას მოსწავლეთა ერთი ნაწილის  სწავლის მიმართ. განსაკუთრებით დამაფიქრებელი იყო VI კლასების პედაგოგთა გულისტკივილი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე  მოსწავლეების მშობლების მიმართ. მათი თქმით, ეს ბავშვები გამოირჩევიან იმპულსურობით,  ემოციურობით, აგრესიულობით, საკლასო ოთახში მიუღებელი ქცევით.  ასეთ ბავშვების  პრობლემას ამძიმებს ოჯახური აღზრდის სტილი, რაც გამოიხატება ბავშვის დასჯით მეთოდებში, მშობელთა ავტორიტარიზმში, რომლებიც მათი ცუდი ქცევის გამო ხშირად კარგავენ მოთმინებას და სკოლის ყოველ შენიშვნაზე სჯიან მათ. ეს კიდევ უფრო უარყოფითად ვლინდება ბავშვებზე, აუარესებს მათ სწავლის შედეგებსა და ქცევას. საყურადღებოა, რომ მშობლებმა გამოთქვეს მზაობა მოიწვიონ მშობლები  გაკვეთილებზე, რათა უშუალოდ სწავლის პროცესში გაეცნონ  თავიანთი შვილების ძლიერსა და გასაუმჯობესებელ თვისებებს.
კვლევის მიგნებები:
სკოლის მიერ სწავლა–სწავლების პროცესში დანერგილ სიახლეებსა და ტენდენციებზე მშობელთა არასაკმაო ინფორმირება;
აღზრდის ამ ორ სუბიექტს შორის პარტნიორული ურთიერთობის დეფიციტი;
მშობელთა პედაგოგიზაციის დაბალი დონე.
კვლევის შედეგები:
   კვლევით გამოიკვეთა, რომ მშობლები სხვადასხვაგვარად არიან განწყობილნი სკოლისადმი:
I.         პირველ ჯგუფში შემოდიან აქტიური პოზიციის მშობლები, რომლებიც ხედავენ სკოლის ცხოვრებაში მოსწავლეთა მიღწევების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს ( შიდა სასკოლო ტესტირებებს და სხვა). მათ სწამთ, რომ სკოლის ცხოვრებაში მშობლის მონაწილეობით, მასწავლებელთან ურთიერთობით არა მარტო უმჯობესდება მათი შვილების აკადემიური მოსწრება, არამედ ისინი უფრო სრულყოფილად ფლობენ ინფორმაციას ბავშვების სწავლა-ქცევის შესახებ და იღებენ ზომებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. ამ ჯგუფის უმრავლესობას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლები შეადგენენ.
II.    მეორე ჯგუფში შემოდიან მშობლები, სკეპტიკურად განწყობილნი. ისინი სკოლის იშვიათი სტუმრები არიან, რის გამოც სრულყოფილად ვერ ფლობენ ინფორმაციას ბავშვების მდგომარეობის შესახებ. შვილების დაბალი აკადემიური შედეგების გამო, როგორც გულახდილ შეხვედრებში აღნიშნავენ, ეძნელებათ სკოლასთან ურთიერთობა (,,სკოლაში მოსვლა ტკივილს მაყენებს“, ,,ვიცი საყვედურები არ  ამცდება“, ,,ჩვენსას არავინ გაიგებს“).  ამის გამო ისინი ნაკლები მზრუნველობით ეკიდებიან ბავშვების სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს. მათ შორის არიან ,,პროტესტანტები“, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი შვილების სწავლაში ჩამორჩენისა და ცუდი ქცევის მიზეზი მხოლოდ სკოლასა და მასწავლებელში უნდა ვეძებოთ. ისინი მუდმივად ცდილობენ სკოლის დისკრედიტაციით საკუთარი გულგრილობის გამართლებას. ამ კატეგორიაში ძირითადად საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები ერთიანდებიან. მოზარდების ხანისათვის დამახასიათებელი სირთულეების გამო  ხშირად ვერ ახდენენ მოზარდებზე სათანადო გავლენას. (,,ხშირად ვკარგავ მოთმინებას“, ,,უმიზეზოდ ვბრაზდები“, ,,არ ვენდობი, ყოველ ნაბიჯს ვუკონტროლებ“, ,,ვცდილობ მისი ყველა სურვილი შევასრულო“).
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუძავეთ შემდეგი ინტერვენცია:
ინტერვენცია
1.სპეციალური ცოდნის მიწოდება მშობლებისათვის სწავლა–სწავლების პროცესში დანერგილ სიახლეებზე, სწავლების თანამედროვე მიდგომებზე, შემაჯამებელი დავალებების ტიპებზე, მოსწავლეთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმებზე. აღზრდის კუთხით: ბავშვებთან ურთიერთობაში დასჯითი მეთოდების სანაცვლოდ ნდობასა და თანამშრომლობაზე,  ბავშვის  პოზიტიური ქცევის შემჩნევასა და სტიმულირებაზე;
2. სკოლასთან მჭიდრო თანამშროლობისათვის მოხალისე მშობელთა შერჩევა  და მათი ჩართვა მოსწავლის სწავლა–აღზრდის პროცესში;
3. მშობლებისა და პედაგოგების შეხედულებათა დაახლოების მიზნით  ორმხრივი კომუნიკაციის ფორმების შემუშავება. მშობლებთან სპეციალური შეხვედრების ორგანიზება, ერთობლივი აქტივობების დასაგეგმად.
განხორციელებული ცვლილებები:
1.      სკოლის მიმართ მშობელთა ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლის მიზნით სკოლის ადმინისტრაციის და  პირადად ჩემი, როგორც სკლოს დირექტორის,    ინიციატივით მოეწყო  შეხვედრები მშობლებთან კლასების მიხედვით ,, მშობლის ვიზიტი სკოლაში“. (იხილეთ დანართი N3)  შევადგინეთ განრიგი, მშობლებისთვის გამოვყავით სპეციალური სივრცე, სადაც გამოვფინეთ მათთვის საინტერესო მასალები სკოლაში დანეგილ ინოვაციებზე. შეხვედრა 2 ნაწილისაგან შედგებოდა. დასაწყისში მშობლებს ვაჩვენეთ ჩვენ მიერ წინასწარმომზადებული პროგრამა სკოლის ცხოვრების შესახებ, მიმდინარე სტრატეგიულ მიზნებზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე,მოსწავლის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებსა და მათ მიღწევებზე. მეორე ნაწილი დავუთმეთ დისკუსიას, მშობელთა აზრისა და წინადადებების მოსმენას, მათი პოზიციების გამოვლენას. ამ შეხვედრებზე მშობლებმა გვიბიძგეს ახალი იდეისაკენ–აქტურად გვეთანამშრომლა მათთან და წიგნიერების ამაღლების მიზნით ხშირად მოგვეწვია სკოლაში საინტერესო ადამიანები–მწერლები, კულტურისა და  ხელოვნების მუშაკები, მოგვეწყო ისეთი ტიპის ღონისძიებები, როგორიც იყო 2014 წელს ჩვენ მიერ  გამომცემლობა ,,ბაკურ სულაკაურთან“ ერთობლივად ჩატარებული შეხვედრა მწერალ დავით ტურაშვილთან, რომელსაც თან ახლდა დიდი ფასდაკლებით ახალი წიგნების გამოფენა–გაყიდვის ორგანიზება. მშობლებმა აგრეთვე თავიასნთი გულიტკივილი გამოთქვეს სკოლის მოუწესრიგებელი მინფრასტრუქტურის გამო. მათი კრიტიკული შენიშვნები, რომლებიც ძირითადად შეეხებოდა სკოლისათვის შეუსაბამო სველ წერტილებს, კლასებში ჩავარდნილ იატაკს, ჩამოშლილ კედლებს, ჩავინიშნეთ და გავაცანით ზემდგომ ორგანოებს, რის შემდეგაც სამინისტრომ დაგეგმა და ამ ეტაპზე ახორციელებს სკოლის რეაბილიტაციას.
2. მშობელთა პედაგოგიზაცია. მეექვსე კლასების პედაგოგებთან ერთად შევხდვით ჰიპერაქტიული სინდრომის მქონე  მოსწავლეთა მშობლებს , მათთან შეხვედრისას დავეყრდენით მკვლევარ ჯანა კახიანის მიერ შედგენილ რეკომენდაციებს. ავუხსენით ის გარემოება, რომ მათი შვილების სწავლასა და ქცევას დიდად განსაზღვრავს ის ბიოლოგიური დისბალანსი, რაც ხდება მათ ტვინში. მივეცით სასარგებლო რჩევები დღის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით, დასჯითი მეთოდების სტიმულირებით შეცვლისა და პედაგოგებთან სისტემატური თანამშროლობის შესახებ (ჯანა კახიანი, ,,ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი“,თბ. 2002წ  გვ.13).
3. სკოლის ცხოვრებაში  მოხალისე მშობელთა ჩართულობა. მშობლებთან ორმხრივი კომუნიკაციისათვის გამოვიყენეთ საქართველოს დაწყებითი განათლების პროცესში სკოლის მონაწილეობით მიღებული გამოცდილება. დაწყებით საფეხურზე ვნერგავდით რა კითხვისა და მათემატიკის სწავლების გასაუმჯობესებლად  კონსტრუქტივისტულ მეთოდოლოგიას, დაწყებითი საფეხურის  კათედრასთან ერთად შევიმუშავეთ წინადადებები მშობელთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად. მშობელთა კრებებზე მათ გავაცანით კითხვისა და მათემატიკის სწავლებაში ჩვენ მიერ დანერგილი სიახლეები, კონსტრუქტივისტული გაკვეთილების მიზნები, დიფერენცირებული სწავლება, ჯგუფური მუშაობის სტრატეგია და ამის შემდეგ ვთხოვეთ , დახმარებოდნენ თავიანთ შვილებს სასწავლო–საგანმანათლებლო  რესურსების შექმნაში.  ასეთი ტიპის შეხვედრებზე მშობლები გამოხატავდნენ დიდ ინტერესს და აქტიურად ეხმარებოდნენ ბავშვებს სასწავლო რესურსის შექმნაში . პედაგოგებმა მშობლებისა და ბავშვების ძალებით შექმნილი რესურსი წარმატებით გამოიყენეს კონსტრუქტივისტულ გაკვეთილებზე და ისინი სიამოვნებით აღნიშნავდნენ, რომ ამ აქტივობამ გაახალისა მოსწავლეები, გაუჩინა მეტი მოტივაცია. შეხვედრების სიახლე.
 მშობლებთან პარტნიორულ ურთიერთობაში დაიბადა ახალი იდეა. კერძოდ,მერვე–მეცხრე კლასების მოსწავლეთა მშობლებმა გავიზიარეს თავიანთი აზრი იმ სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან გარდამავალ ასაკში მოზარდებთან ურთიერთობაში. მათ უჭირთ მოზარდობის ასაკისათვის დამახასიათებელი ისეთი მოთხოვნილებების მართვა,როგორიცაა: სწრაფვ ა დიდობისა და დამოუკიდებლობისაკენ, პრესტიჟისა და აღიარებისაკენ.
მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის მიზნით მომავალ სასწავლო წელს  ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ კვლევას ამ კუთხით და მასში აუცილებლად ჩავრთავთ სკოლის ფსიქოლოგებს.
სკოლაში განხორციელებულმა ცვლილებებმა გარკვეული სარგებელი მოუტანა სკოლას: მშობლის თანამშრომლობამ სკოლასთან, პედაგოგებთან  შეცვალა მოსწავლის განწყობა სწავლის მიმართ, აამაღლა მისი მოტივაცია, უფრო კეთილგანწყობილი გახადა სკოლის მიმართ. გამოსაშვებ გამოცდებზე მე–11–მე12– კლასების მოსწავლეთა 100%–მა გადალახა ბარიერი.  შემცირდა მოსწავლეთა გაცდენა–დაგვიანებები, 2015–2016 სასწავლო წლის დასასრულს 80%–ით შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც დექვემდებარა ექსტერნატის ფორმით გამოცდებს; შემცირდა მოსწავლეთა შორის ქცევითი დარღვევები, მათ შორის   ძალადობრივი ფაქტები. გაიზარდა სკოლის იმიჯი, რასაც ადასტურებს  პირველკლასელთა გაზრდილი მრაოდენობა ( სკოლამომავალ სასწავლო წელს 5 პირველ კლასს გახსნის)


რეკომენდაციები
1.რეგულარული კომუნიკაცია, რადგან კომუნიკაცია მთავარ როლს თამაშობს მშობელთა ჩართულობის პროცესში, საჭიროა მშობლებს რეგულარულად მიეწოდოთ ინფორმაცია სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ. წერილობითი შეტყობინებების გარდა, სასურველია, სკოლამ გამოიყენოს სხვადასხვა ალტერნატივა: სკოლის ახალი მიზნების ამსახველი ფლაერების გავრცელება, ადმინისტრაციის მიერ მშობელთა ,,ღია კარის“ დღეების ორგანიზება სასკოლო შეხვედრებში, ღონისძიებებში მოსწავლეთა ოჯახების ფართო სპექტრის ჩართულობა და მათი შეხედულებების გაზიარება ; სკოლაში მიმდინარე პროცესეის ამსახველი პოსტერების შექმნა;
2.მშობელთა წახალისება სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. მშობლისათვის ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომ მას ელიან არა როგორც კრიტიკის ობიექტს, არამედ როგორც პარტნიორს, რომ მის აზრს ანგარიშს უწევენ, ენდობიან. კარგი იქნება I-IX კლასებში განხორციელდეს მშობლის ვიზიტი სკოლაში - წინასწარ შემუშავებული განრიგით ყველა მშობელს მიეცეს უფლება ერთი სასწავლო დღე გაატაროს სკოლაში, დაესწროს გაკვეთილებს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია შვილის აკადემიურ მიღწევებზე. სასურველია, გაკვეთილების შემდეგ პედაგოგები შეხვდნენ მშობლებს და გაიმართოს მცირე დისკუსია, მოხდეს შთაბეჭდილებათა გაზიარება. მასწავლებელთან მჭიდრო ურთიერთობით მშობლები ახლოს გაეცნობიან სწავლა-სწავლების შინაარსს, დაეუფლებიან იმ მიდგომებსა და საშუალებებს, რაც სარგებლობის მომტანი იქნება მათი შვილებისათვის. ამავდროულად მშობელს ექნება სასწავლო პროცესში თანამონაწილეობის განცდა, რაც, როგორც ცნობილია, დიდწილად განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ხარისხს[9] (G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი).
3.დავეხმაროთ მშობლებს, გახდნენ უკეთესი მშობლები. პედაგოგთა დახმარებით შესაძლებელია ჩატარდეს კონსულტაციები მშობელთათვის  აღზრდის აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: მოზარდებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება, დასჯითი მეთოდების ჩანაცვლება მასტიმულირებელი მიდგომებით, დღის რეჟიმის დაცვა და დროის სწორად განაწილება.
4.მნიშვნელოვანია მშობლების უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გამოყენება სპორტულ, ინტელექტუალურ, საქველმოქმედო შემოქმედებით ღონისძიებებში მოხალისე მშობელთა ჩართვა.
 ასეთი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება გაზრდის მშობელთა მოტივაციას. ისინი შეასრულებენ საინტერესო და სკოლისათვის სასარგებლო სამუშაოებს, მოაწყობენ შეხვედრებს სხვა მშობლებთან მხიარულ და სასიამოვნო გარემოში, შეიძენენ გამოცდილებას, თავს იგრძნობენ ღირსეულად და დაფასებულად.

ჩატარებული სამუშაოს მონიტორინგი
კვლევისას თვალყურს ვადევნებდი ჩემ მიერ წინასწარ შემუშავებული გრაფიკისა და ამოცანების განხორციელების ვადების თანმიმდევრულობას; კვლევის მეთოდების ეფექტურობას; მსვლელობისას საჭიროდ მივიჩნიე თვისობრივი გამოკითხვის დამატება, რამაც უფრო ეფექტურად დამანახა არსებული  მდგომარეობა; როგორც სკოლის მენეჯერს (ვარ სკოლის დირექტორი), ზოგიერთ თემასთან დაკავშირებით შესაძლოა ვერ მიმეღო ობიექტური  სურათი, შექმნილიყო სამიზნე ჯგუფისათვის უხერხული სიტუაცია, ამიტომ პირისპირ გამოკითხვის პროცესში მონაწილეობდა სამივე საფეხურის 4 მასწავლებელი.  კონფიდენციალობის დაცვა ჩემი კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო.
დასკვნა
სკოლაში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ სკოლისა და მშობლების ურთერთგათიშულობის მთავარი მიზეზებია: მშობელთა არასაკმარისი ინფორმირება საგაკვეთილო პროცესში დანერგილ სიახლეებზე, აღზრდის ამ ორ სუბიექტს შორის პარტნიორული ურთიერთობის დეფიციტი, მშობელთა პედაგოგიზაციის დაბალი დონე.
          სკოლის წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია საზოგადოებასა და მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის, მათი პიროვნული ჩამოყალიბებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია სკოლასა და მშობლის ურთიერთობაში არსებული ბარიერის დაძლევა, მშობლის ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლა. კვლევით დადგინდა, რომ როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს მაღალი აკადემიური შეფასებები, გამოცდის შედეგები, დასწრების მაჩვენებელი და ხარისხიანად შესრულებული დავალებები; ის გამოირჩევა სკოლისადმი გულშემატკივრობით, კარგი დისციპლინით, პასუხისმგებლობით, ობიექტური თვითშეფასების უნარით .







გამოყენებული ლიტერატურა:

1.      ,,პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისი 2008 გვ.56.
2.      გულნაზ ხორბალაძე ,,სკოლისა და ოჯახის თანამშროვლობის გზები და საშუალებები“ ,,ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს“ თბილისი, 2002წ. გვ. 2.
3.      თეა ჯაღიაშვილი, ,,ჰუმანისტური თეორია“, თბ. 2012 წ. გვ.21-22.
4.      შოთა ნადირაშვილი, ,,პიროვნების ფორმირების ფსიქოლოგიური საკითხები“, ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის შრომები, თბ. 2002 წ. გვ.85 - გვ.61.
5.      მ. დოღონაძე, ,,ზნეობრივი აღზრდის შინაარსი და ორგანიზაცია სკოლაში“, თბ. 2002 წ. გვ. 110.
6.      ,,სკოლაში სააღმზრდელო მუშაობის აქტიური პრობლემები“ თბილისი, 2002 წ. გვ.107-109.
7.      აქტივობების კრებული მშობლებისათვის G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, თბ. 2016წ, გვ.1-2.




[1] ,,პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისი 2008 წ, გვ.5.

[2] გულნაზ ხორბალაძე, ,,სკოლა ოჯახი“, ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს“, თბილისი 2002 წ. გვ. 1,2,3.
[3] მ. დოღონაძე ,,ძნეობრივი აღზრდის შინაარსი და ორგანიზაცია სკოლაში“ თბილისი 2002 წ. გვ.111.
[4] ,,ჰუმანისტური თეორია“, თეა ჯაღიაშვილი, თბილისი 2012წ. გვ. 21,24,25.
[5] შოთა ნადირაშვილი, ,,პიროვნების ფორმირების ფსიქოლოგიური საკითხები“, ი.გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის შრომები, 2002წ. გვ.85
[6] შოთა ნადირაშვილი, ,,პიროვნების ფორმირების ფსიქოლოგიური საკითხები“, .გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის შრომები, 2002. გვ.85
[7] მ. დოღონაძე, ,,ზნეობრივი აღზრდის შინაარსი და ორგანიზაცია სკოლაში“, ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის შრომები, თბილისი 2002 წ. გვ.110.
[8] ,,სკოლაში სააღმზრდელო მუშაობის აქტუალური პრობლემები“, გვ. 107,108,109.
[9] აქტივობების კრებული მშობლებისათვის G-PRIED საქართველოს საწყებითი განათლების პროექტი, თბილისი 2016 წ. გვ.1-2.